საქართველოს შსს-ს მიერ, ბათუმში დაკავებული ცნობილი თაღლითი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

"საქართველოს ხელისუფლებამ ცნობილი "Tinder-ის თაღლითი", საიმონ ლე-ვაევი დააკავა, რომელიც ქალებისთვის მილიონობით დოლარის გამოძალვაშია მსჯავრდებული", - წერს The New York Times-ი.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ საიმონ ლე-ვაევი ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს.

როგორც The New York Times-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლე-ვაევი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისთანავე დააკავეს.

შეგახსენებთ, ბათუმის აეროპორტში დააკავეს ცნობილი "თაღლითი ტინდერიდან", რომლის შესახებაც Netflix-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო - ის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.