ორმაგი სტანდარტი, დეზინფორმაცია და სახელმწიფო ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა, - მმართველი გუნდი Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს. "ლელო" ამჯერად ანაკლიის პროექტსა და არაბულ ინვესტიციას ერთმანეთს ადარებს და წერს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყანას 100 პროცენტით რჩებოდა, ახლა კი მიწა არაბებს სამუდამოდ მიაქვთ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეფასება არასერიოზულია, მათი ოპონენტები კი მანიპულაციურთან ერთად, ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს სარგებელზე, რასაც ქვეყანა მიიღებს, ეს არის გაზრდილი ბიუჯეტი, გაზრდილი ეკონომიკა, ახალი სამუშაო ადგილები და ახალი, ევროპული ტიპის ურბანული სივრცეები.
"რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ აგენტის ბედი ზუსტად ასეთია, მან აბსოლუტური ტყუილები უნდა ილაპარაკოს, ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს და რაც მთავარია, შეასრულოს მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში უნდა გაუარესდეს სოციალური ფონი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდეს. ამ დავალებას ასრულებს ახლა, მაგალითად, ხანდაზმული თაღლითი ჯაფარიძე იქნება, თუ ხაზარაძე. სხვათა შორის ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ცდილობდნენ, რომ ამოეღოთ მილიარდ-ნახევარი და საკუთარ ჯიბეებში ჩაედოთ და შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა "ინვესტიცია" საერთოდ ახსენონ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც არ და ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად დაუდგა მათ გვერდში, მათ შორის, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების დონეზეც კი და ამ ადამიანებმა არაფერი გააკეთეს პორტის ასაშენებლად," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
