პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს. შეიქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი. ინიციატივის ავტორები მმართველი გუნდის დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, მოქმედი კოდექსი არ იძლევა უფლებას, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად არასრულწლოვანი დააკავონ. ხშირია ფაქტები, როდესაც ამ საბაბით, 18 წლამდე პირები ძარცვავენ მაღაზიებს, ქურდობდნენ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები რეაგირებას ვერ ახდენენ. პარლამენტში ინიციირებული ცვლილებები გერმანული მოდელის ანალოგია.
"ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რასაც რეაგირება სჭირდება.
"სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, გააძლიეროს მხარდაჭერის და მზრუნველობის კომპონენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებს ეხება. ფაქტია, რომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რასაც სჭირდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ამ მიზნებიდან გამომდინარე, კანონის მიხედვით, შეიქმნება რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც იმუშავებს მულტიდისციპლინარული ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები სრულწლოვნები გახდებიან, მათი პრიორიტეტი იყოს განათლების მიღება, სასარგებლო საქმიანობა და უარი თქვან კრიმინალურ მიმართულებაზე," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
