უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მონაპოვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის. წარმოუდგენელია, როდესაც ამ საკითხით სპეკულირებენ და გარკვეული ძალები მზად არიან, დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მოისმინეს უნგრეთის მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სანქციებს ვეტოს დაადებს.
„დაველოდოთ განხილვებს, რომლებიც შედგება მომავალ კვირას ბრიუსელში. ვიცით, რომ არიან კონკრეტული წევრი ქვეყნები, რომლებიც არ მალავენ აგრესიულ დამოკიდებულებას ხელისუფლებასთან. ეს განცხადებები საჯაროდაც კეთდება და ბუნებრივია, ყველას გვესმის მათი პოზიციები, სავარაუდოდ იგივე იქნება ევროპული საბჭოს ფარგლებშიც, თუმცა ევროკავშირს 27 წევრი ქვეყანა ჰყავს. 27 წევრ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები და მოახდინოს გავლენა საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაზე. ვნახავთ, საბოლოო ჯამში როგორი იქნება ევროკავშირის პოზიცია იმ საკითხებზე, რაც დგას დღეს დღის წესრიგში საქართველოსთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე ძალები იყენებენ სპეკულაციებისთვის და არ წყდება საკითხის გამოყენება სხვადასხვა მიზნით. უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, ეს არის ის მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის. წარმოუდგენელია, როდესაც ამ საკითხით სპეკულირებენ და გარკვეული ძალები მზად არიან, რომ დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები. მზად არიან, დღის წესრიგში დააყენონ ისეთი საკითხი, რაც ეხება ადამიანებს, მოქალაქეებს მასობრივად. ძალიან უცნაურია, როდესაც ევროკავშირს სთხოვენ, იმავე მეთოდებით იმოქმედონ, როგორი მეთოდებითაც მაგალითად, მოქმედებს რუსეთი, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკას იყენებენ სახელმწიფოების წინააღმდეგ. წარმოუდგნეელია, როდესაც ეს საკითხი საერთოდ დგება ევროკავშირის დღის წესრიგში.
ჩვენ მოვისმინეთ უნგრეთის ძალიან მკაფიო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. მკაფიო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით თუ იქნება გარკვეული ძალების მიერ ინიცირებული მსგავსი საკითხი, უნგრეთი მას დაადებს ვეტოს. აბსოლუტურად არ იზიარებენ, რომ საქართველოში არსებობს რაიმე საფუძველი, ხელისუფლების წინააღმდეგ აამოქმედონ ისეთი მექანიზმები, რომელსაც ჰქვია სანქცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.