აშშ-ის არმია აშშ-მექსიკის სასაზღვრო ზონაში დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიას გამოცდის, რათა გააძლიეროს თავდაცვა კარტელების მიერ დრონების გამოყენების მზარდი საფრთხის წინააღმდეგ და ამავდროულად გაითვალისწინოს მოწინავე ტექნოლოგიების სწრაფი ტემპი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სექტემბერში, არიზონაში, აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის ეგიდით ჩატარებული Falcon Peak-ის წვრთნების დროს, სამხედრო მოსამსახურეები აკვირდებოდნენ თავდაცვის კომპანიების მიერ რადარების, დრონების ჩამჭრელი სისტემების, ავტონომიური იარაღის სისტემების და სხვა ტექნოლოგიების დემონსტრირებას, რომლებიც შექმნილია მცირე ზომის უპილოტო საჰაერო საშუალებების აღმოსაჩენად, მათ სათვალთვალოდ და გასანადგურებლად.

არმიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ საზღვრის გადამკვეთი დრონები, როგორც წესი, კომერციულად ხელმისაწვდომი მოდელებია, რომლებსაც კრიმინალები კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის ოპერაციების ფარგლებში სათვალთვალოდ იყენებენ.

სამხრეთ საზღვრის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ბრაიან ფილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში სამხედროებმა დრონების 378 არასანქცირებული შეღწევა დააფიქსირეს და ტენდენცია მზარდია.

"ჩვენ ძირითადად ვხედავთ კომერციულ დრონებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია", - თქვა ფილერმა და დასძინა, რომ მათი უმეტესობა სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი და მათ ხშირად საზღვრის გადაკვეთისას აფიქსირებენ.

აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ აგვისტოში სამხრეთ საზღვარზე ლაზერული სისტემების განლაგების შემდეგ მათ კარტელის საკუთრებაში არსებული 11 დრონი ჩამოაგდეს.

მედიის ცნობით, სამხედრო სტრატეგები ცდილობენ, სწრაფად აუწყონ ფეხი უკრაინიდან მიღებულ გამოცდილებას, სადაც დრონებმა ბრძოლის ველი შეცვალეს და ხელი შეუწყვეს როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი სისტემების სწრაფ განვითარებას.