ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ოპოზიციონერი აქტივისტი, გიორგი ახობაძის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ახობაძე წერდა: "მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. ასე ჯობია. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით“.

კითხვის საპასუხოდ მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ბომბების წვიმაზე ოცნებობენ.

"ერთადერთის თქმა შეიძლება, ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წამოცდებოდათ ხოლმე, იმავეს ახლა ალაპარაკებენ ყველაზე "გამბედავს".

მათ ენაზე რომ ვთქვათ, ვის ინტერესებსაც საბოლოო ჯამში შედეგობრივად ატარებენ. "ნავოდკის" მიცემას ეძახიან ამას სამხედროები, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართული და ამაზე ოცნებობენ.
ჩვენ წლების განმავლობაში ამ ოცნების წამოცდენებს ვხედავთ ხოლმე, ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ გახმოვანდა ახლა ამ ადამიანის მხრიდან", – განაცხადა მდინარაძემ.