უკრაინის უმაღლესმა რადამ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას დანიშვნას მხარი დაუჭირა. ის ამ თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვს შეცვლის.
ევგენი ხმარას კანდიდატურას 312-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ფიცი პარლამენტის დარბაზში დადო.
შეხვედრის დროს, მან განაცხადა, რომ ის უკვე გადადგა სამხედრო თანამდებობიდან.
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავება მხოლოდ სამოქალაქო პირს შეუძლია.
„ჩვენ ყველა სფეროში ინიციატივა უნდა ავიღოთ ხელში - ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში, საინფორმაციო სივრცეში. ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს. არმიას იარაღი დროულად სჭირდება. შესყიდვები განხორციელდება მხოლოდ ფრონტისთვის და არა სხვისი ინტერესებისთვის“, - განაცხადა ევგენი ხმარამ.
მისივე თქმით, მობილიზაციასთან დაკავშირებით „კომპლექსური გადაწყვეტილება“ უნდა იყოს მიღებული.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 12 ივლისს, მინისტრთა კაბინეტის განახლება და, უკრაინის ახალი პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს შორის საკადრო ცვლილებები დააანონსა.
