გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ადვოკატები კი არასრულწლოვანების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ.

ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე, ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს.

პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებულ მტკიცებულებაზეც ისაუბრა. საქმე ეხება ჩანაწერს, სადაც ნია იმნაძე მომხდარ დანაშაულს ოჯახის წევრებთან განიხილავს. პროკურორის ინფორმაციით, გოგონა მკვლელობაში მსჯავრდებულ შეყვარებულს ამართლებს და ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილი სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა.

"ეს არის იმნაძეების ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია - მას მოკლედ კრებსებს ვეძახით. ნია იმნაძე ესაუბრება თავის მამას, ვალერიან იმნაძეს და ოჯახის სხვა წევრებიც არიან ადგილზე. ის განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი არის ამ საქმის მთავარი ყოფილი ბრალდებული და ახლა უკვე მსჯავრდებული პირი, რომელსაც უკვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ამბობს, რომ ასეც უნდა მოქცეულიყო. სისტემატურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ საათების განმავლობაში, მათ შორის, დანაშაულის წინა პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო მათი შეხვედრები", - განაცხადა საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ.