პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი "საკუთარ ტრადიციას არ ღალატობს და არ არსებული, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით" ცდილობს, პატრიარქის არჩევის პროცესს უწოდოს რუსული, "შებღალოს ეს პროცესი" და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ცალკეული საკითხები.
მათიკაშვილის თქმით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ ეს ადამიანი ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტი იყო.
"ძალიან კარგად იცის მეხუთე კოლონის გამორჩეულმა ლიდერმა საქართველოში - მიხეილ სააკაშვილმა, რომ ეკლესია სანამ არის ძლიერი და სულიერი ღირებულებები არის მაღალ თამასაზე, რა თქმა უნდა, უცხოურ ძალებს და უცხოურ ჩარევას საქართველოში შანსი არ აქვს, რომ ისევ პროქსი ქვეყნად აქციონ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ინტერი გაატარონ. მის საქმიანობას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ის მუდმივად ანტიქართული, ანტიეკლესიური ქცევებით, ქმედებებით და ნაბიჯებით გამოირჩეოდა. დღესაც, ის საკუთარ ტრადიციას არ ღალატობს და ცდილობს არ არსებული, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით, პროცესს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ეკლესიისთვის, უწოდოს რუსული, შებღალოს ეს პროცესი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ცალკეული საკითხები - ეს არის მისი სახე. ეს კიდევ ერთი დასტურია, რას ნიშნავს, იყო უცო ქვეყნის აგენტი საკუთარ ქვეყანაში. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ეს ადამიანი ოდესღაც იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
