"ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ ურთიერთბრალდებები, დაპირისპირება და კრიზისია. პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას პარტიაში არაერთგვაროვნად აფასებენ.
მმართველ გუნდში კი განვითარებულ მოვლენებს ლოგიკურად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ საბოლოოდ ყველაფერი პარტიის გაქრობით დასრულდება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" არის დაშლილი პარტია, რომელიც რამდენიმე სეგმენტად არის წარმოდგენილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული მდგომარეობა თვალნათელია. ეს არის არასტაბილური, არაკეთილსინდისიერი, არამეგობრული და არაპარტიული დამოკიდებულება. ეს ყველაფერი აისახება იმ ვითარებაზე, რა ვითარებაც არსებობს "ნაციონალურ მოძრაობაში".
ეს მოწმობს იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს ქვეყანაში, ეს არის დაშლილი პარტია, რომელიც რამდენიმე სეგმენტად არის წარმოდგენილი", - განაცხადა რიმა ბერაძემ.
