საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ამ პირებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება: ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილს - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილს - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.
დეპუტატებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კომიტეტის შესაბამის დასკვნებს. საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.