იაპონიამ გაამკაცრა მოთხოვნები იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება სურთ. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრების პოლიტიკის ფარგლებში მიიღეს, - წერს euronews-ი.

ახალი წესების თანახმად, რომლებიც ეტაპობრივად შევა ძალაში, უცხოელმა რეზიდენტებმა, რომლებსაც იაპონიაში მუდმივად დარჩენა სურთ, უნდა დაამტკიცონ, რომ მათი წლიური შემოსავალი საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და რომ მათ იაპონურად ყოველდღიური, მარტივი საუბრის წარმართვა შეუძლიათ.

ამასთან, ხუთშაბათიდან შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების საფასური 20-ჯერ გაიზრდება. მედიის ცნობით, ტოკიოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საიმიგრაციო ცენტრში ასობით ადამიანი იდგა რიგში იმ იმედით, რომ ფასების ზრდამდე ყველა ფორმალობას დაასრულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას მოსახლეობის სწრაფი დაბერების პრობლემა აქვს და ბევრ სექტორში მუშა ხელის დეფიციტს განიცდის, იმიგრაციის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება, რამაც ტაკაიჩის მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღებისკენ სწრაფვა გამოიწვია.

"იაპონიაში უცხოელი რეზიდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მთავრობა აწყდება იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი მოქალაქე შფოთვას და უსამართლობის განცდა აქვს", - განაცხადა ტაკაიჩიმ კვირას X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში და დასძინა, რომ იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან "მოწესრიგებული თანაარსებობის" უზრუნველყოფისთვის ზომებს იღებს.