ჯერჯერობით,  სიცხადის მოლოდინში ვართ. იმედი გვაქვს, ეს სიცხადე გამოჩნდება და რასაც საჯარო განცხადებებით ვხედავთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ამის პრაქტიკულ განხორციელებას დავინახავთ როგორც ამერიკელი დონორებისგან, ისე აშშ-ის საელჩოს, ყველა იმ ინსტიტუციის მხრიდან, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის ბიუჯეტთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „დამაიმედებელია ის ტემპი, სიცხადე, პირდაპირობა, რომელსაც ხედავენ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვის მხრივ“.

„მანამდეც მქონდა მოწოდება, რომ გამჭვირვალობის გარდა, ვისურვებდი, აშშ-ის შესაბამისმა უწყებამ გამოიძიოს „იუესაიდის“ ჩართულობა 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების საკითხში და დაადგინოს, რასთან გვქონდა საქმე, რა განზრახვები იყო ამის უკან, როდესაც ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები„ ყალბი „პივიტით“ ცდილობდნენ ქვეყნის აყირავებას. როდესაც გაირკვა, თურმე „იუესაიდის“ დონორს სცოდნია ამის შესახებ და ამას ყველას გვიმალავდა, არა მხოლოდ ხელისუფლებას, თქვენ, ჟურნალისტებს გიმალავდნენ, მოსახლეობას უმალავდნენ ამ სიმართლეს, ამიტომ, მნიშვნელოვანია და კარგი იქნებოდა, თუ გამოძიება ჩატარდებოდა ამასთან დაკავშირებით და გაირკვეოდა, რა განზრახვა იდგა ამის უკან. რაც შეეხება, ზოგადად ტემპს, ერთი მხრივ, დამაიმედებელია, მეორე მხრივ, ცოტა გასაკვირია, რომ ადგილზე დიდად არაფერი იცვლება, მათ შორის გუშინდელი რადიკალური ოპოზიციის აქციაც ამის მოწმობაა. არ ვიცი, ეს რას დავაბრალოთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული პოლიტიკის შეწინააღმდეგების გარკვეულ აგონიასთან გვაქვს საქმე, „დიფ სთეითის“ სხვადასხვა საცეცის აგონიასთან გვაქვს საქმე და ახლა ცდილობენ, გამოიყენონ ბოლო მომენტები, რათა არიონ  სიტუაცია ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ იმასთან გვაქვს საქმე, რომ ბოლომდე ჯერ არ არის ჩასული ის მითითებები, რომლებიც საჯაროდ გვესმის ტრამპის ადმინისტრაციიდან.

ადგილზე ზოგიერთი დონორის, მათგან დაფინანსებული „ენჯეოების“, თუ პარტიების პოლიტიკა, რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით სრულ თანხვედრაში არაა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკასთან. ვხედავთ, გამწვავებულია ქვეყნის არევის, ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ წასვლის მცდელობა.

ამიტომ, ჩვენ ჯერჯერობით სიცხადის მოლოდინში ვართ და იმედი გვაქვს, ეს სიცხადე გამოჩნდება და რასაც საჯარო განცხადებებით ვხედავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ამის პრაქტიკულ განხორციელებას დავინახავთ როგორც ამერიკელი დონორებისგან, ისე აშშ-ის საელჩოს მხრიდან, ყველა იმ ინსტიტუციის მხრიდან, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის ბიუჯეტთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.