რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, რატომ მალავენ?! დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა - აი, გავარკვიოთ, გვითხრას ევროკავშირმა, ევროპის დემოკრატიის ფონდი რომელ მედიაში ხარჯავს ფულს? - განაცხადა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებაზე, დასავლეთის ლიდერებისგან მიღებული მოთხოვნების კომენტირებისას.

 

„რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, რატომ მალავენ?! დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა - აი, გავარკვიოთ, გვითხრას ევროკავშირმა, ევროპის დემოკრატიის ფონდი რომელ მედიაში ხარჯავს ფულს? შემთხვევით, ხომ არ არის ეს ის მედიები, რომლებიც შემდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენც ევროპელები ვართ და ჩვენი ევროპული ღირებულებები გვეუბნება, რომ არ ჯდება ამ ღირებულებაში სკოლებში, ბაღებში იმის სწავლება, რომ სინამდვილეში ორი სქესი კი არ არსებობს, როგორც ათასწლეულებია, ვიცით და საღი აზრი ამას გვეუბნება, არამედ თურმე, შეიძლება ეს არჩევითი იყოს და შეიძლება იყოს უთვალავი სქესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ეჭვის აღმძვრელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების კონტექსტში ზემოთ აღნიშნული ორი კანონი სახელდება. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონებს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

პაპუაშვილის განცხადებით, რაც შეეხება მითითებებს ევროპულ ღირებულებებზე, ქართველმა ხალხმა ამ ორივე კანონს მხარი დაუჭირა არჩევნებით და „ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი, რომლის შედეგები ყველამ უნდა მიიღოს“.

 

„ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ამ ორივე კანონის უკან დგას ქართველი ხალხის ნება“, - დასძინა პაპუაშვილმა.

 

საუბრისას მან გაიხსენა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის პროექტზე სახალხო განხილვების ფაქტი და აღნიშნა, რომ შესაბამის კომისიაში შედიოდა გახარიას პარტიის წარმომადგენელიც, შალვა კერესელიძე.

 

„იგი ესწრებოდა პირველ, გასვლით სხდომებს, როდესაც რეგიონში გვქონდა ხალხთან შეხვედრა, გამოვიდა სცენაზე და მხარი დაუჭირა ამ კანონებს. ამ გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, ის დატუქსეს, როგორც ჩანს, პარტიაში მიიღეს ზარი უცხოეთიდან - მიუღებელია მათი მფარველებისთვის ასეთი კანონების მიღება და შემდეგ კომისიის სხდომებზე ბატონი შალვა კერესელიძეც აღარ გამოჩენილა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.