საჯარო დებატები ფასების რეგულირებაზე - მთავრობის მეთაური და ეკონომიკის მინისტრი, ოპონენტების პირისპირ ხვალ, "რუსთავი 2-ის" ეთერში დასხდებიან. დისკუსიაში ერთვებიან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები.

დებატებში მონაწილეობას მიიღებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. პოზიცია ისევ შეცვალა გახარიას პარტიამ, მათ გადაცემის გუნდს აცნობეს, რომ, წინა დებატებისგან განსხვავებით, ორშაბათს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ.

სურსათი, მედიკამენტები და საწვავი, - პოლიტიკური დებატები მთლიანად ფასების რეგულირების თემას დაეთმობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე საზოგადოებას პასუხები პირველი პირებისგან ჰქონდეს და ამას პრემიერის დებატებში მონაწილეობაც ადასტურებს.

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სიამოვნებით მიიღებს დისკუსიაში მონაწილეობას, მით უმეტეს, რომ პრემიერი იქნება, რომელმაც ინიციატივა დააყენა.

"სიამოვნებით მივიღებ დისკუსიაში მონაწილეობას, მით უმეტეს, რომ პრემიერი იქნება, რომელმაც ინიციატივა დააყენა. ჩემი აზრით არასწორი იყო ეს, რადგან არასწორი მიმართულებით მიდის მთავრობა, მაგრამ, მათ შორის, ასეთი დებატები იმიტომაც არის, რომ შეცდომები დავანახოთ ერთმანეთს. თუ ეს დებატები გაგრძელდება, ზოგადად, ამომრჩეველს სხვა პრობლემებზეც უკეთესი წარმოდგენა ექნება და ჩვენი პოლიტიკა უფრო ჯანსაღი გახდება", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.