ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციებმა გაფრთხილება გამოსცეს, სადაც აღნიშნულია, რომ "ნიპას" ვირუსმა შესაძლოა ინფიცირებულთა 75%-მდე შეიწიროს, რადგან ინდოეთში ბოლო დროს მომხდარი აფეთქება ახალი პანდემიის საშიშროებას იწვევს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ვირუსი იშვიათი, მაგრამ სერიოზული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ღამურებს და ღორებს გადააქვთ, ასევე შესაძლებელია ადამიანების დაინფიცირებაც, ზოგიერთ შემთხვევაში კი ვირუსი ტვინის დაზიანებას იწვევს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA), პანდემიის საფრთხის ფონზე, ახალი რჩევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: "მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობისთვის რისკი ძალიან დაბალი რჩება, ვირუსის რისკების გაგება მნიშვნელოვანია, თუ გეგმავთ მოგზაურობას იმ ადგილებში, სადაც ის ცირკულირებს".
მედია წერს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ვირუსს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ არ არის გამოვლენილი შემთხვევები, არ არსებობს ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობა.
ცნობისთვის, ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ შტატში, "ნიპას" ვირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, ექიმებსა და ექთნებს შორის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 100 ადამიანს თვითიზოლაციაში გადასვლა დაევალა, ინფიცირებული პაციენტები კი დედაქალაქსა და მის შემოგარენში მდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ, მათ შორის, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
"ნიპა" სასიკვდილო ვირუსია, რომლისთვისაც ვაქცინა ან წამალი არ არსებობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს.
