"არ ისვენებს ის, რასაც ჩვენ დავარქვით "გლობალური ომის პარტია" და ტრამპმა რასაც დაარქვა "დიფ სთეითი", - ახალ ფაზაში შედის, ახალი შემართებით, ახალი შეიარაღებით. უკვე, ევროკავშირის ქვეყნებს მოსთხოვეს, რომ თავისი GDP-ის 5%, ანუ, ბიუჯეტის 15% შეიარაღებაზე დახარჯონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ომისთვის ემზადებიან და უნდათ, საქართველო მაქსიმალურად შეეწიროს, როგორც უკრაინა გახდა პოლიგონი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ამით ზარქუა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"ამას ვინც უარყოფს, ის არის ჩვეულებრივი აგენტურა. უსამშობლოები არიან დაქირავებულები გლობალისტების მხრიდან, რომ ეს ქვეყანა არიონ. ამოცანა არის ასეთი - აქ, ამ ვიზალიბერალიზაციის ბერკეტით, ქაოსი მოაწყონ, რევოლუციურ ტალღაზე გადაიყვანონ ქვეყანა, შემდეგ კი მოიყვანონ ეს აგენტურა ხელისუფლებაში. შემდეგ, მეორე ფრონტი გახსნან, რომელსაც, თურმე, ყველაზე მეტად საჭიროებს ახლა უკრაინა, რომ საქართველოდან უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და შევეწიროთ, ხოლო დანარჩენმა სახელმწიფოებმა და ევროპამ მშვიდობიანად გააგრძელონ ცხოვრება. ვერ ეღირსებით," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.