პარტია ”მოქალაქეების” დამფუძნებელი, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ არაბული ინვესტიციით აშენებული უძრავი ქონების მინიმუმ 60%-ი უცხოელებზე გაიყიდება.
მისი განმარტებით, არანაირი 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში არ ხორციელდება და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ხელისუფლებამ დოკუმენტაცია უნდა გაასაჯაროოს.
"უძრავი ქონების მინიმუმ 60%-ი გაიყიდება უცხოელებზე. ანუ, ჩვენი ღრმა რწმენით, ვიღებთ ორ არაბულ ქალაქს, თბილისის მახლობლად და აჭარაში. არანაირი 6 მილიარდ დოლარს ისინი არ დებენ, არანაირ 1.2 მილიარდ დოლარს არ დებენ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გვაჩვენონ კონტრაქტი. 9 მილიონ კვადრატულ მეტრს, რომ ვიღაც არაბებს ჩუქნი, რატომ გვაქვს იმ კომპანიაში 33%-ი და არა 51%-ი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი, გაურკვეველია რამდენი ქართველი დასაქმდება და რამდენი თანხა შევა საქართველოს ბიუჯეტში.
"არ ვიცით, რამდენი შევა საქართველოს ბიუჯეტში ამგვარი პროექტებიდან. ის კი ვიცით, რომ თბილისის მახლობლად, საუკეთესო ტერიტორიას დაეუფლებიან გაურკვეველი ადამიანები. ისიც ვიცით, რომ ბათუმის გვერდით მდებარე, ასევე სტრატეგიულ მიწას დაეუფლებიან ვიღაცები. არავინ არაფერი არ იცის, კონკრეტულად რამდენი ქართველი დასაქმდება იქ და რამდენი ლარი იქნება ქართულ ბიუჯეტში შესული", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
