სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტს, რომელშიც პატიმარი ექს-პრეზიდენტი საუბრობს, როგორ აკურთხა ე.წ. ვარდების რევოლუცია რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მმართველი გუნდი მორიგ აღიარებად და იმის დასტურად მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ინტერესებს არასდროს ემსახურებოდა.

2003 წლის პოლიტიკურ ცვლილებებში იგორ ივანოვი რომ მონაწილეობდა, ამას ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უარყოფენ. თუმცა ცდილობენ, რომ რუსი მაღალჩინოსნის ჩართულობა, სააკაშვილის აღიარების მიუხედავად, გააუბრალოონ და პასუხისმგებლობა სრულად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიმართ გადაამისამართონ.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რევოლუციის დღეებში ჩამოვიდა და გარკვეულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო.

"ეს კითხვა უფრო მიხეილ სააკაშვილს მიემართება, იმავდროულად გასათვალისწინებელია და ყველასთვის ცნობილი ფაქტი არის, რომ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რევოლუციის დღეებში ჩამოვიდა და გარკვეულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო. ამიტომ, თავისთავად, ახლა ეს ინფორმაცია დიდად არ ცვლის იმ მოვლენათა განვითარებას, რომელიც "ვარდების რევოლუციის" დროს მოხდა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.