გერმანელი დიპლომატების არადიპლომატიური ნაბიჯები - ბერლინში საქართველოს ელჩისთვის აგრემანის გადაცემიდან რვა თვის შემდეგ, რწმუნებათა სიგელის მიღების თარიღი ისევ გაურკვეველია.

ოფიციალური ბერლინი პროცედურის გაჭიანურების მიზეზებზე დუმილს ინარჩუნებს. პარალელურად კი, საქართველოში გერმანიის ელჩი მთავრობას ისევ აკრიტიკებს და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს. პეტერ ფიშერისა და გერმანიის მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ დემარშს უწოდებენ.

"ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება, რა უფლებებსა და პრივილეგიებს, აგრეთვე ვალდებულებებს მოიცავს, რომლებიც ამას მოჰყვება", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციას კონკრეტული სარგებლისა და ვალდებულებების გათვალისწინებით უჭერს მხარს, ხოლო ნაწილი ევროპულ არჩევანს ქვეყნის იდენტობასა და მომავლის ხედვას უკავშირებს.

"ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება, რა უფლებებსა და პრივილეგიებს, აგრეთვე ვალდებულებებს მოიცავს, რომლებიც ამას მოჰყვება. სხვები უბრალოდ ამბობენ - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი", მსურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს ვიყო რუსი, ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს", - აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.