ურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მომსენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების" შეტანას.

კანონპროექტით მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ამოღებული იქნება ის მუხლი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს.

მისი განმარტებით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას ფლობა „სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა მუხლებში იმავე რეჟიმში მოექცევა, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა დადგენილი.

ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში - 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში - 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.

რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის - 155-დან 750 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალის შემთხვევაში - 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში - 140-დან 500 გრამამდე შეძენა-შენახვა გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტის, მარიხუანას - გამომშრალის შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტის, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტის, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, გადაისინჯება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით და მასზე იგივე სანქციები გავრცელდება, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი სხვა მცენარეების კულტივაციაზე არსებობს. კერძოდ, 145 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისათვის დადგინდება თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი, ასევე დაემატება ალტერნატიული სანქციები, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა.