საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.