ჩვენ გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გაერთიანებული ერი. ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ერთმანეთის ჭირისუფალი. ეს დღეები, მე პირადად ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა.
"იმ დღეებს, ვინც შევესწარით, გასული ამ 37 წლის განმავლობაში მაინც წარუშლელია ეს მეხსიერება. ჩვენ გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, გაერთიანებული ერი, ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ერთმანეთის ჭირისუფალი. ეს დღეები, მე პირადად, ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირისუფალი იყო, თან იყო დიდი მწუხარება და თან დიდი იმედი, რომ პატრიარქის დანატოვარი და პატრიარქის მიერ დაწყებული მიზნები იქნებოდა მიღწეული ერთობით და სიყვარულით," - აღნიშნა დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე).
რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ცოტა ხნის წინ პანაშვიდი გადაიხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
