"სამტრედიის ამბები" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ განმარტება ჩვენს გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული და შემდეგ წაშლილი მასალის შესახებ.
კერძოდ, წყაროზე დაყრდნობით, გავავრცელეთ ინფორმაცია სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე მომხდარ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის შინაარსი შეგნებულად აღარ განვმარტეთ, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მასალის გამოქვეყნებამდე დეტალურად გადავამოწმეთ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტრომ ოფიციალურად დაგვიდასტურა, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მოგვიანებით, ჩვენს რედაქციაში მიღებული დამატებითი მოსაზრებებისა და ზოგადი ეთიკური შეფასებების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული მასალა საკუთარი ინიციატივით და პასუხისმგებლობით წაგვეშალა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან სოციალურ ქსელში გაჩნდა მცდარი მტკიცებები, თითქოს მასალის წაშლა მოხდა გარკვეული პირების დაკვეთით ან ზეწოლის შედეგად. ერთმნიშვნელოვნად განვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
„სამტრედიის ამბები“ არის მიუკერძოებელი და სანდო საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც მუდმივად ხელმძღვანელობს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებით, კანონმდებლობით და პროფესიული სტანდარტებით. ჩვენი საქმიანობა ემსახურება მხოლოდ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას.
მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან და პატივი სცეთ სარედაქციო გადაწყვეტილების დამოუკიდებლობას",- ნათქვამია განცხადებაში.