თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ  კარტალკაიაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ცნობილი თურქი ტელეწამყვანი, ნედიმ თურქმენი, მისი მეუღლე, 18 წლის ქალიშვილი და 22 წლის ვაჟი ემსხვერპლა.  ინფორმაციას Bloomberg HT ავრცელებს.

თურქმენი ცნობილი იყო თავისი ეკონომიკური კომენტარებითა და სპორტული ანალიზით. ის ასევე ხშირად ჩნდებოდა Bloomberg HT-ზე, როგორც ანალიტიკოსი.

ცნობილი ტელეწამყვანი 1966 წლის 1 მაისს ორდუში დაიბადა. დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი.

ხანძარი თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში სასტუმროს 21 იანვარს ღამით გაუჩნდა. სასტუმრო "გრანდ კარტალში" გაჩენილ ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელიცაა.

თარგმანი: პირველი არხი