გუშინ, 6 დეკემბერს, სამტრედიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი ოფიციალურად გაიხსნა.

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების სწორად გათვლილი პრიორიტეტების შედეგად, სამტრედიას კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად გამართული ობიექტი შეემატა.

 

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტულ კომპლექსს დღეიდან, ახალი საფეხბურთო მოედანი და სრულად რეაბილიტირებული საცურაო აუზი შეემატა.

 

ობიექტის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გუბერნიის და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის წარმომადგენლობა ესწრებოდა.

 

,,დღეს ჩვენ ვხედავთ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და მიზნობრივად შერჩეული პროექტის სანიმუშო მაგალითს. მადლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და მის გუნდს პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრისთვის. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით ვულოცავ სამტრედიას კიდევ ერთ ახალ ობიექტს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ,“- აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ.

 ,,პროექტის პირველი ეტაპი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საკონკურსო გამარჯვების შედეგად დაფინანსდა, მეორე ეტაპი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდა, რამაც მოგვცა ასეთი დონის პროექტი. ვულოცავ ყველა სამტრედიელს ქალაქში თანამედროვე სპორტული კომპლექსის ფუნქციონირებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ საქმეში დაუღალავი შრომა ჩადო და პროექტი დროულად და ხარისხიანად დასრულდა. გპირდებით, სამტრედიელები კიდევ მრავალჯერ გაიხარებენ არაერთი პროექტით",-განაცხადა სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ.

საცურაო აუზის გახსნის ცერემონია არაჩვეულებრივი წარმოდგენით  გააფორმა სსიპ სამტრედიის N2 საჯარო სკოლამ.