საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე, სადაც დილით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

როგორც მღებრიშვილი აღნიშნავს, შენობის ნგრევის საფრთხიდან გამომდინარე, შესაბამისმა ჯგუფებმა სამუშაოები დროებით შეაჩერეს, თუმცა ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები შენობის მეორე მხრიდან გრძელდება.

"ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. გარკვეული პერიოდის მონაკვეთში შევწყვიტეთ ძებნა-შველის ღონისძიება, ვინაიდან იყო და ამ წუთსაც რჩება ნგრევის საფრთხე, თუმცა შენობის მეორე მხრიდან გავაგრძელეთ სამუშაოები.

4 ადამიანია გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. სულ 7 ადამიანს ვეძებთ. ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს 7 ადამიანის ირგვლივ", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.