"ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა, არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, შეიძლება, განვითარდეს მოზრდილებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია“, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, დამაბინძურებელ ნივთიერებებს შორისაა: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, მძიმე ნაწილაკები. ეს ნივთიერებები ამწვავებს სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას და შესაძლოა, გამოიწვიოს: გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, სუნთქვის უკმარისობა, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების გართულება, ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, დაძაბულობა, აღგზნებადობა) ბავშვებში ე.წ. ვირუსინდუცირებული ვიზინგები და ასთმასთან დაკავშირებული მდგომარეობები.
"ჰაერის დაბინძურება ხდება სამრეწველო და ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგად, ცალკე არის სმოგი, როდესაც ხდება მძიმე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება. სმოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მიზეზი შეიძლება, იყოს გამონაბოლქვი, ან მტვრისგან მოტანილი მძიმე ნაწილაკები. ასეთ დროს ბავშვებში განსაკუთრებით ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, განსაკუთრებით - ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად," - განაცხადა თემურ მიქელაძემ.
პედიატრი აღნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ სამედიცინო რეკომენდაციებით შეუძლებელია. აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა, განსაკუთრებით - დაბინძურების წყაროს იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა.
