პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული," - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

შემთხვევა კახეთში, რიჟვაძის ნათესავის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მოხდა. ალექსი ახვლედიანი დაკავებულია, მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.