"გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის" - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ერთადერთ საბოლოო ლოკაციად ჩანს თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
"როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი". აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღე ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია, თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლია, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, - განაცხადა მაღრაძემ.