სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით, მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.
სუს-ში განაცხადეს, რომ ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი.
როგორც ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილი ბრალდება, სრული სამართლებრივი აბსურდია.
"სრული აბსურდია ბრალდების შინაარსი, რასაც ედავებიან ლევან ხაბეიშვილს. ბრალდებას წარუდგენენ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებების გამო, სადაც იგი სთავაზობდა, როგორც ბრიფინგიდან შევიტყვე, პოლიციის თანამშრომლებს ჯილდოს, მათ მიერ კეთილსინდისიერად სამსახურის შესრულებისთვის. ამის შეფუთვა ქრთამის მიცემად და ამის გამო ადამიანის დაკავება, როგორც იურისტი ვამბობ, რომ ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, სუს-ის ინფორმაციით, მან ხაბეიშვილის დაკავებისას სცადა ხაბეიშვილის მობილურის გადამალვა და გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.