დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. ორგანიზაციამ "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრიფინგზე ითქვა, იმის მიუხედავად რომ მედიკამენტები კვლევის დასრულების ფაზაშია, მშობლების მოთხოვნა დასაბუთებულია.
ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც საფრთხეებზე საუბრობენ და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მედიკამენტების ეფექტურობა დადასტურებული არ არის, ფიქსირდება გვერდითი მოვლენები და ლეტალური შედეგები, რომლის შესახებაც ამერიკისა და ევროპის წამლის სააგენტოებშიც საუბრობენ.
"ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით ამ დიდ სახელმწიფოებს, მათ შორის საფრანგეთს, შეიძლება იყოს უამრავი ძალიან განვითარებული შესაძლებლობების, მათ შორის ფინანსურიც და მათ შორის ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ამ სახელმწიფოებშიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ამ მედიკამენტის სახელმწიფო პროგრამებში დაშვებასთან დაკავშირებით. ასეთ დროს, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი სიფრთხილე, აბსოლუტურად გამართლებული და ბუნებრივი.
მუშაობს თუ არა ეს მედიკამენტი, და იმავდროულად არის თუ არა უსაფრთხო - ამ კითხვებზე თუ ევროპული ეს დიდი სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა თუ არა ყველა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეს ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახლავთ. წამყვანი ევროპული სახელმწიფოები ამ მედიკამენტს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, დღემდე იყენებენ როგორც ძირითად საშუალებას. სხვათა შორის ეს მედიკამენტი სხვა მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში ანალოგიურად აქტიურად გამოსაყენებელი იქნება კვლავაც. ამ დაავადების მკურნალობას სჭირდება მაგალითად სარეაბილიტაციო სერვისების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით განვითარება და ამაზეც ბუნებრივია, რომ მუშაობა ამ დრომდეც მიმდინარეობდა და გვაქვს მუდმივი თანამშრომლობა "კენ ვოლკერის" კლინიკასთან, სადაც ძალიან აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს.
ყველას მინდა აქვე მოვუწოდო და ყველას ვთხოვო, რომ ვიყოთ ცოტა ფრთხილები იმიტომ, რომ სენსიტიურ საკითხებს ეხება ეს საკითხი და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით ვაკეთოთ განცხადებები.
ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ეთიკურ პრობლემასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე მაგალითად ექიმს, რომელიც არასწორ შთაბეჭდილებებს და გადაჭარბებულ მოლოდინებს უქმნის პაციენტს. ეს ბუნებრივია, რომ გაფრთხილებას საჭიროებს", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.
