საქართველოსთვის "ნიპა" ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
"ნიპა" ვირუსს არ აქვს პანდემიური პოტენციალი, ისევე როგორც ეს COVID 19-ის შემთხვევაში იყო. საქართველოში არ არსებობს კონკრეტული სახეობის ღამურები, რომლებსაც "ხილის ღამურებს" უწოდებენ და რომლებსაც ეს ვირუსი გადააქვთ. ეს სახეობა ბინადრობს მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, საქართველოში ბინადარი ღამურები სულ სხვა სახეობებს მიეკუთვნებიან და ძირითადად მწერებით იკვებებიან, ამიტომ მათ ორგანიზმში "ნიპა" ვირუსი არ არსებობს, ინფექცია კი ადამიანიდან ადამიანზე ძალიან რთულად გადადის. ინდოეთში 2 შემთხვევაა დადასტურებული. ამის გამო, მკაცრი საკარანტინო ზომებია მიღებული, თუმცა, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ლოკალური აფეთქებები გლობალურ საფრთხეს არ ქმნის.
"ამ ვირუსის გადაცემის გზა არ არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კორონავირუსივით, ამის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან ან დაინფიცირებული საკვების მიღება.
ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა - ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში "ნიპაჰის" ვირუსი ნანახი არ არის.
ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.
ეს ეხება არა მხოლოდ ინდოეთს, არამედ კონკრეტულად ინდოეთის იმ პროვინციას, სადაც მოხდა აფეთქება. ეს არის მცირე მონაკვეთზე, საუბარია 2 ინფიცირებულ პაციენტზე. არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს", - აცხადებს ჩხაიძე.
