აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებულ რკინის კედელს შავად ღებავენ. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილებაა. 

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კედლის შავად შეღებვა მიგრანტებს არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისას დააბრკოლებს, რადგან შავად შეღებილი მეტალი მზისგან კიდევ უფრო ძლიერად ცხელდება და კედელზე ასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

"კედელი მაღალია, რაც მასზე ასვლას ძალიან, ძალიან ართულებს, თითქმის შეუძლებელს ხდის. ის ასევე ღრმად არის მიწაში, რაც ართულებს, მის ქვეშ მიწის გათხრას. ჩვენ დღეს კედელს შავად შევღებავთ", - განაცხადა ნოემმა სამშაბათს, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა ტერეზაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ბადისებრი ფოლადის კონსტრუქციის წინ იდგა.

"ეს კონკრეტულად პრეზიდენტის თხოვნით მოხდა, რომელიც ხვდება, რომ ცხელ გარემოში, როდესაც რაღაც შავად არის შეღებილი, ის კიდევ უფრო ცხელდება და ეს ადამიანებისთვის კედელზე ასვლას კიდევ უფრო გაართულებს", - დასძინა მან.

მედიის ცნობით, კედლის შეღებვის სამუშაოები უკვე დაწყებულია.