შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,  გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“-ს უკანონო რეალიზაცია.

მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი” და ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი“ რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.