გამახსენდა ოლიმპიური პრინციპი, რომ მთავარია მონაწილეობა. ისინი მონაწილეობენ მონაწილეობისთვის, "ქართული ოცნება" მონაწილეობს გამარჯვებისთვის. ოპოზიციას ჰყავს მონაწილეები, "ქართულ ოცნებას" ჰყავს გამარჯვებულები და ჩემპიონები, მათ შორის თბილისში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, - ასე გამოეხმაურა ლევან მახაშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"ამ კანდიდატებიდან გამომდინარე, წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უბრალოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, "ქართული ოცნება" კი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში. ის განცხადებები, რაც მათი საერთაშორისო მფარველებისგან გვესმის, სწორედ ამას ემსახურება - საარჩევნო პროცესის მაქსიმალური დისკრედიტაცია მოხდეს, რომ 5 ოქტომბერს დაიწყოს ისევ ის მარაზმი, რაც წინა პერიოდში ვიხილეთ", - აცხადებს მახაშვილი.