აშშ-ში, ჩრდილოეთ ვაიომინგის მთიან რაიონში პატარა თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა და მისი სამი ნათესავი დაშავდა. ხელისუფლების ცნობით, თვითმფრინავში სულ 4 მგზავრი იმყოფებოდა. 

მედიის ცნობით, ჩამოვარდნის ადგილზე გაგზავნილმა სამაშველო და სამედიცინო ჯგუფებმა, ერთძრავიანი თვითმფრინავი აღმოაჩინეს, სადაც სამი გადარჩენილი და ერთი დაღუპული მგზავრი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, 13 წლის გოგოს გარდაცვალება ადგილზე დადასტურდა.

"სამი დაშავებული - 11 წლის ბიჭი, 54 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ყველა ერთი ოჯახიდან არის, მათ მძიმე დაზიანებები ჰქონდათ", - აღნიშნულია შერიფის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.