ინდონეზიის პოპულარულ კურორტ ბალიზე, ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეს კუნძულზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ წყალდიდობაა. 

მედიის ცნობით, ძლიერი წყალდიდობის გამო კუნძულზე ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტურისტებს ურჩევენ, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და მარშრუტები შეზღუდვების გათვალისწინებით დაგეგმონ.

ძლიერმა წვიმამ კუნძულის უმეტეს ნაწილში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია, მდინარეები კალაპოტებიდან გამოვიდა.

მედიის ცნობით, ამჟამად წვიმა შეწყდა, თუმცა სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება, ორი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის გამო, საცხოვრებელი ასეულობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საკვანძო გზები მეწყრების შედეგად გადაკეტილია, სტიქიამ სულ მცირე 2 ხიდი დააზიანა.