როდის აღადგენს ბრიუსელი თბილისთან დიალოგს და დარწმუნდნენ თუ არა ევრობიუროკრატები, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა შეცდომა იყო. ევროკავშირის რამდენიმე ლიდერის გარდა, ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკიც წერს, რომ ბრიუსელში არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან ისეთ საკითხებზე თანამშრომლობისთვის, როგორიცაა დაკავშირებადობა.
"არსებითად, მათი პოზიცია უცვლელი დარჩა - ქვეყანაში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე დაბლა, ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის გასაგრძელებლად, როგორიცაა დაკავშირებადობა. მინისტრებს შორის უფრო ფართო დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი", - განაცხადა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.
"ქართული ოცნების" შეფასებით, ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებმა დაადასტურა, რომ ევროკავშირში რამდენიმე ლიდერის გარდა, ყველა აცნობიერებს, რომ მათ საქართველო ძალიან სჭირდებათ. თბილისში ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და როლზე საუბრობენ. ყურადღებას ამახვილებენ დისკუსიის აუცილებლობაზეც.
