ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ, გასულ კვირას მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ, რომელსაც 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მინისტრმა გადაწყვეტილების შესახებ ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის მუდმივი დელეგაციის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ეს არის მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს იმ პერიოდში, როდესაც კონგრესი სრული შემადგენლობით არ მუშაობს.
პუენტემ, რომელიც პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის "სოციალისტური" პარტიის წევრია, განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომა "ქვეყნისა და დემოკრატიის ინტერესებს ემსახურება".
მან ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ პასუხისმგებლობად შეაფასა და დასძინა: "სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ყველა პოლიტიკოსი ერთნაირია".
მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო არჩევნებში კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. მისი თქმით, სურს "თავისი პარტიის დონის შესაბამისად" იმოქმედოს.
სხდომის დროს პუენტემ მადრიდი-სევილიის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოება დაიცვა, სადაც ავარია მოხდა. კატასტროფას 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 200 კი დაშავდა.
"ეს არც მიტოვებული და არც მივიწყებული ინფრასტრუქტურაა", - განაცხადა მან და მთავრობის მიერ დაწყებულ 780 მილიონი ევროს ღირებულების განახლების გეგმაზე მიუთითა.
მინისტრმა გამოსვლა გამოსამშვიდობებელი სიტყვებით დაასრულა: "მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა ამ რთულ ვითარებას ღირსეულად გაუმკლავდება. მე ვცდილობდი, ჩემი პასუხისმგებლობა ღირსეულად შემესრულებინა. მშვიდობით", - აღნიშნა მან.
