გერმანიის დაზვერვის ყოფილ უფროსს ავგუსტ ჰანინგს, ბრალი ედება ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ყოფილი თანამშრომლისგან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში და ამ ინფორმაციის თავისი კერძო საკონსულტაციო საქმიანობისთვის გამოყენებაში. როგორც Euronews-ი წერს, ის დაკავებულია.
მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) 80 წლის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეს, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებების მოპოვებასა და ღალატთან დაკავშირებულ ჯაშუშობაში.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ჰანინგი სადაზვერვო სააგენტოდან კონფიდენციალური დოკუმენტების მიღებას რამდენიმე წლის განმავლობაში განაგრძობდა. მისი ყოფილი ადმინისტრაციის უფროსი ამ მასალების გადაცემაშია ეჭვმიტანილი; როგორც ამბობენ, ისიც დააკავეს.
Euronews-ი გაზეთ "ზიუდოიჩე ცაიტუნგზე" დაყრდნობით წერს, რომ ეს დოკუმენტები შეიცავდა გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ სადაზვერვო ანგარიშებს.
გამომძიებლები ასევე ამოწმებენ, გადაეცემოდა თუ არა საიდუმლო ინფორმაცია უცხო ქვეყნებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება დაიწყო გერმანელი ბიზნესმენის, კრისტინა ბლოკის საქმის განხილვის დროს მიღებული ინფორმაციისა და კანცელარიიდან დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის საფუძველზე.
