გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ბერლინის პოზიციას კიდევ ერთხელ აჟღერებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის ყველა ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს და არა მხოლოდ რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ვალდებულება.
მისი თქმით, ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასაც გულისხმობს.
„დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ომის პირობებში კიდევ ერთი მკაცრი ზამთრისთვის მომზადებაში. ამისთვის დამატებითი მხარდაჭერაა საჭირო, განსაკუთრებით ენერგომომარაგებისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. ამასთან, აუცილებელია ტვირთის სამართლიანი განაწილება“, - განაცხადა ვადეფულმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მთელი ევროპის საერთო ამოცანაა.
"ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა დაეკისროს“, - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაჟინებით მოითხოვს, რომ 2027 წელს და შემდგომ პერიოდშიც უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საერთო ამოცანა უნდა იყოს. მისი პოზიციით, ეს საკითხი ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.
