"ჰამასი" თანახმაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას ხელი მოაწეროს, რომელიც ეგვიპტისა და კატარის შუამავლებმა წარადგინეს - ინფორმაციას ტერორისტული ორგანიზაცია თავად ავრცელებს.
ცეცხლის შეწყვეტის წინადადება საწყის 60-დღიან ზავს, მძევლების გათავისუფლებას და სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების ღაზას სექტორში შეტანას მოიცავს.
ღაზაში ვითარება კრიტიკული რჩება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავში ომის დაწყებიდან 62 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ყოველდღიურად იზრდება შიმშილით სიკვდილიანობაც. ბოლო მონაცემებით, ღაზაში შიმშილით სულ მცირე 263 ადამიანი, მათ შორის 112 ბავშვი, გარდაიცვალა.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ბოლო ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მძევლების გათავისუფლებას მოიცავდა, ისრაელმა მარტში შეწყვიტა.