საუდის არაბეთის სამხედრო ძალების ცნობით, იემენის საზღვართან ახლოს მათი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"ეროვნული გვარდიის კუთვნილი AH-6i ტიპის სადაზვერვო ვერტმფრენი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, ნაჯრანის რეგიონში, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ჩამოვარდა და განადგურდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი, ორი ოფიცერი, დაიღუპა", - განაცხადა კოალიციის სპიკერმა თურქი ალ-მალიქიმ.
საუდის არაბეთი ამჟამად იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰუსიტ" მეამბოხეებთან ომშია ჩართული, რომლებმაც საუდის არაბეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების მნიშვნელოვან ობიექტებსა და აეროპორტების ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს თავდასხმები.
