უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა დონალდ ტრამპის მიერ "გრემის აქტით" გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილის შეჩერებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თუ რუსები მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ეს ომის დასასრულებლად ეფექტურ ზეწოლას არ ნიშნავს.
სიბიჰას თქმით, რუსებთან ნებისმიერი შინაარსიანი დიალოგი რეალური ზეწოლითა და ძალის დემონსტრირებით იწყება, რადგან სხვა მეთოდებს ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ.
"თუ რუსები აშშ-ში გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზეიმობენ, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ომის დასასრულებლად ეფექტური ზეწოლა ხორციელდება.
მერყეობა აგრესორს არასწორ სიგნალს უგზავნის. ის მხოლოდ ომს ახანგრძლივებს. ლინდსი გრემს ეს კარგად ესმოდა.
რუსეთთან ურთიერთობის ერთი გაკვეთილი დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო ნათელი: რუსებთან ნებისმიერი შინაარსიანი დიალოგი რეალური ზეწოლითა და ძალის დემონსტრირებით იწყება.
ისინი უგულებელყოფენ მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ მოწოდებას, რომელსაც გადაუწყვეტლობა ახლავს თან. ისინი არც ზეწოლის მუქარას და არც გადაწყვეტილებების გადადებას სერიოზულად არ აღიქვამენ. უბრალოდ, ამას სერიოზულად არ ეკიდებიან", - წეს სიბიჰა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ტარიფების ახალი პაკეტის ამოქმედებაზე, მათი ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე უარი თქვა.
კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.
ტრამპმა სექტემბერში ხელი მოაწერა კანონს, სახელწოდებით "ლინდსი ო. გრემის 2026 წლის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ". მისი მიზანი კრემლისა და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერება იყო.
