ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ გაიმეორა, რომ ომი სრულად უნდა შეწყდეს ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ისრაელი აგრძელებს თავდასხმებს. შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, შეერთებულ შტატებს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება თავდასხმების შეწყვეტაზე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა არაღჩიმ.
მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასაც ითვალისწინებს. თუმცა, ამ შეთანხმებამ და პარასკევს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობების მიერ ხელმოწერილმა ახალმა შეთანხმებამ, სამხრეთ ლიბანში შეტაკებების ინტენსივობის შემცირებაზე დიდი ზეგავლენა ვერ იქონია.
ისრაელმა განაცხადა, რომ მისი ჯარები სამხრეთ ლიბანში დარჩება, რათა ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" დასუსტება უზრუნველყოს.
