სიცოცხლისთვის საშიში სიცხეები მთელი ევროპის მასშტაბით საავადმყოფოების გადატვირთვას იწვევს, აზიანებს სატრანსპორტო სისტემებსა და საჯარო სერვისებს. ამასთან, ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურას ებრძვიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სულ მცირე 101 მილიონმა ევროპელმა 35°C-ზე მაღალი ტემპერატურა გადაიტანა. დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის სამი წლის ბავშვი, რომელიც პარიზში, მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს. ასევე, ადამიანების წყალში დახრჩობაც გახშირდა.

სიცხის ტალღამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა ჯანდაცვის სისტემებს. საფრანგეთში, სასწრაფო დახმარების განყოფილებებმა განაცხადეს, რომ სიცხესთან დაკავშირებული ვიზიტების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ასევე, ფიქსირდება გულის გაჩერებების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაც.

"ჩვენ საავადმყოფოების გადატვირთვის ზღვარს ვუახლოვდებით. ჰოსპიტალიზაციის რიცხვი კვლავ იზრდება“, - განაცხადა პარიზის პოლიციის ხელმძღვანელმა პატრის ფორემ.

საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და შაბათ-კვირის განმავლობაში, აკრძალა ალკოჰოლის საღამოობით გაყიდვა და საჯარო ადგილებში ალკოჰოლის დალევა, რადგან საავადმყოფოებს პაციენტების რაოდენობის ზრდასთან გამკლავება უჭირთ.

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, უკიდურესმა სიცხემ ერთ დღეში სიცოცხლისთვის საშიში სასწრაფო დახმარების გამოძახებების რეკორდული რაოდენობა გამოიწვია. ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის რამდენიმე საავადმყოფომ კრიტიკული მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გაგრილების სისტემის გაუმართაობამ სამედიცინო აღჭურვილობის, საოპერაციო ოთახებისა და პალატების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია.