საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.

განცხადების მიხედვით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.

უწყება ასევე წერს, რომ მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუცია ყალბ ინფორმაციას ეყრდნობა.

"ეს არის დაფუძნებული აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციაზე... ამდენად, სიახლე არაფერია. ამას ისინი პირველად არ აკეთებენ, ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დიდი ხანია მათ ღონისძიებებში არ ვმონაწილეობთ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის განწყობილი, ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს თავისი დასკვნები, მასთან ურთიერთობა არ ღირს," - აცხადებს შარმანაშვილი.