რამდენიმე წუთში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. მთავრობის მეთაური ვრცლად ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საგარეო კურსზე, შიდა და გარე გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.

პარლამენტში წარდგენილი ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობას გასული წლის პირველი ივნისიდან და მასში ყველა სფეროზე დეტალურადაა საუბარი.

უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დღეს ძალიან სერიოზული და საინტერესო მოხსენების მოლოდინში არიან, რადგან ხელისუფლებამ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადადგა.

"დღეს, ძალიან სერიოზული და საინტერესო მოხსენება გველოდება იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა ჩვენმა მთავრობამ. ყველა უნდა იყოს საქმის კურსში, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეები. ის დასახული მიზნები, რომლებიც წინასწარ არის გახმოვანებული, რამდენად მიმდინარეობს, რამე შეფერხება ხომ არ აქვს, რა წარმატებებია, რა გამოწვევებია. ამიტომ, ეს არა მხოლოდ მოსახლეობის, საერთოდ ყველას ინფორმირების მიზნით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში, პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.