საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.
განცხადების მიხედვით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.
უწყება ასევე წერს, რომ მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ რეზოლუცია კიდევ ერთი მაგალითია, როგორ რთულ ვითარებაში იმყოფება საქართველო.
"აქ აღარ არის საუბარი დემოკრატიულ უკუსვლაზე... სწორედ ამას ეხმაურება ევროპის საბჭოს რეზოლუცია, სადაც მკაცრად არის გაკრიტიკებული "ქართული ოცნება". ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლიათ მხოლოდ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს," - აცხადებს ლაშა ფარულავა.
